24. ლამაზი თევზი
იყო ერთი მოხუცი კაცი. მას ჰყავდა ერთი შვილი, მეთევზე. ერთხელ მეთევზე წავიდა თევზის დასაჭერად. იარა ბევრი, მაგრამ თევზი ვერ დაიჭირა. ბოლოს დაიჭირა ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი თევზი. მეთევზეს შეეცოდა ეს თევზი და ჩაუშვა ისევ წყალში. სახლში რომ მოვიდა, მამამ ჰკითხა:
-თევზი არ დაგიჭერიაო? –შვილმა უთხრა:
-ერთი თევზი დავიჭირე, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო, შემეცოდა და ისევ გავუშვი.
მამამ გალახა შვილი და გააგდო სახლიდან და უთხრა:
-რატომ დაკარგე ღმრთის წყალობა?
მეთევზე წავიდა. გზაზე შეხვდა ხარაზი და იარეს, ერთად წავიდნენ. ამათ შემოხვდა მეწამე. მეთევზე, ხარაზი და მეწამლე დაუმეგობრდნე ერთმანეთს და სიტყვა ("პირი“) მისცეს ერთმანეთს, რაც კი იშოვონ თავ-თავისი ხელობით, ერთმანეთში შუაზე გაიყონ.
ამ დროს ერთ მეფეს ჰყავდა ქალიშვილი ავად. მეფე ბევრს ეცადა, მაგრამ შვილს ვერაფერი უშველა („მოეხმარა“). შემდეგ მეფემ გამოაცხადა: „ვინც მოარჩენს ჩემს ქალიშვილს, მას ჩემს ქალიშვილს ცოლად დავუსვამ“.
მეწამლე წავიდა მეფის შვილის სამკურნალოდ („საწამლოდ“). როცა მოვიდა მეფესთან, მეწამლემ ალესა ხმალი, ავადმყოფს თავზე დაადგა, ხელში ხმალი რომ ეჭირა ისე და თქვა: "გველეშაპო, მე გიბრძანებ, ავადმყოფს მოეშვა („დაეთხოვო“), თორემ თავს მოგკვეთ“.
გველეშაპი ამოვიდა ავადმყოფის მუცლიდან და გავიდა გარეთ. მეფის ქალიშვილი მორჩა და მეფემ მისცა ის მეწამლეს ცოლად. მეწამლემ წამოიყვანა ცოლი და შეიყარნენ სამივე ამხანაგები(!). გაიყვეს, რაც ნაშოვნი
ჰქონდათ. მეწამლემ თავის ცოლი და რაც შეხვდა, ყველაფერი მეთევზეს მისცა და უთხრა:
-თევზი, რომელიც შეიცოდე და გაუშვი, მე ვიყავი.
მან ეს თქვა და უხილავად იქცა. [265]
- License
-
CC BY
Link to license
- Citation Suggestion for this Edition
- TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 24. ლამაზი თევზი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg15.0