21. ჰარუმ, ჰურუმ და გიშერი

Metadaten aus
teiHeader

იყო და რა იყო, იყო ცოლ-ქმარი. ჰყავდათ ორი შვილი, ერთი გოგო და ერთი ბიჭი. ბიჭი უფრო მოზრდილი იყო და გოგო უფრო პატარა, აკვანში რომ იწვა, ისეთი. ერთ დღეს ეს ბიჭი სადღაც გარეთ გავიდა. ისევ აქით შემოვიდა, ხედავს: ეს ბავშვი აკვნიდან ამოსულა,ზევით ასულა სხვვნზე და ძვლებს ახრამუნებს: „დედის ძვალი, მამის ძვალი, ბებიას ძვალი, ბაბუას ძვალი“. შეუჭამია [თურმე] ყველა.

შეეშინდა ამ ბიჭს და გაიქცა, გადაიკარგა. ამ გოგომ დაინახა, ეს ბიჭი რომ მირბის? ჩამოხტა სხვენიდან, დიდი ღორი უბია იქ, მოახტა ამ ღორს და გამოეკიდა ძმას, მაგრამ გაიქცა ძმა, წავიდა და ვერ მიეწია და მიაძახა

უკნიდან: -რაცხა დრო იქნება, შეგჭამო, რა დღეს და რა ხვალეო.

მიდის ძმა, მიდის და დაინახა სამი ცალი("კაკალი“) ნიგოზი. უნდა შეჭამოს, [მაგრამ] ნიგვზებმა სთხოვეს: –არ შეგვჭამო და გამოგადგებითო. არ შეჭამა ბიჭმა. იარა, იარა და ერთი კაცის სახლში მივიდა. -მოჯამაგირე არ გინდათო?

-კიო,- კაცმა უთხრა.

ძალიან ერთგულად ემსახურება ეს ბიჭი ამ კაცს. აქ ამ ბიჭმა გაზარდა სამი ლეკვი. ერთს ერქვა ჰარუმ, მეორეს ერქვა ჰურუმ და მესამეს — გიშერი. გავიდა გვარიანი ხანი და ამ ბიჭს მოენატრა თავისი სამშობლო, თავისი

ოჯახი და სახლის პატრონს ("ხაზეინს“) სთხოვა, გამიშვიო. — კაიო, — სახლის პატრონმა უთხრა, — წადიო.

ძალიან დაუტვირთა ხურჯინები ყოველგვარი სიკეთით („დიდებით“), გადაუკიდა ცხენზე და გაუშვა.

წამოვიდა ეს ბიჭი, მოვიდა სახლში; მისი და კიდეც სხვენზე ზის და იძახის ზემოდან: „დედის ძვალი, ძამის ძვალი, ბებიას ძვალი, ბაბუას ძვალი“. შეეშინდა ამ ბიჭს, მაგრამ აწი რა ქნას, აწი გვიანაა, დაინახა დამ.

ჩამოვიდა სხვენიდან, გადაკოცნა, გაიხარა; მეზობელთან წავიდა, ფქვილი ისესხა და საჭმელი გაუკეთა ძმას. ცოტა ხნის შემდეგ გარეთ გავიდა, მალე ისევ შემოვიდა და ძმას ჰკითხა: — ძმაო, შენ სამფეხიანი ცხენით მოხვედიო? (თურმე მოუჭამია ცხენისთვის ერთი ფეხი).

-კიო, -ძმამ უთხრა.

კიდევ გავიდა გარეთ და: — ძმაო, შენ ორფეხიანი ცხენით მოხვედიო? (კიდევ მოუჭამია ერთიუფეხი).

–კიო, — ძმამ უთხრა.

კიდევ გავიდა გარეთ; მოაჭამა ცხენს მესამე ფეხი და: — ძმაო, შენ ერთფეხიანი ცხენით მოხვედიო?

-კი, ჩემო დაიკოო.

მეოთხე კიდევ მოაჭამა და: — ძმაო, შენ უფეხო ცხენით მოსულხარო?

-კიო, — ძმამ.

კიდევ გახტა გარეთ და სულ შეჭამა ცხენი. მერე შევიდა სახლში და ძმას ჰკითხა·

—ძმაო, შენ ფეხით მოხვედიო?

-კიო, — ძმამ უთხრა.

ცოტა ხანს ილაპარაკეს და დამ უთხრა: — ჩემო ძმაო, მე შენ უნდა შეგჭამოო.

-კიო, შემჭამეო, მაგრამ შენ ბევრი ძვალი გაქვს ნატკვერი, კბილი მობლაგვებული გაქვს და ახლა რომ შემჭამო, ცოდვა ვარ, გავწვალდებიო. ამიტომ ჯერ წადი მდინარის პირას, კბილი აილესე და მერე შემჭამეო.

გაიხარა ამ დამ და წავიდა მდინარის პირას. ლესა, ლესა კბილები, ძალიან ალესა და მოვიდა სახლში, მაგრამ ძმა ვერ ნახა. ძმა გაქცეულა ამდენ ხანს. გაგიჟდა ეს და. მოახტა ტახს და მირბის, მისდევს ძმას. მოიხედა ძმამ

უკან, ყვავის თავის სიმსხო მოჩანს და. პირველად არ იყო, მირბოდა და ნიგვზები რომ ნახა ძმამ? ის ნიგვზები გაზრდილან და დგანან გზის პირას. ერთი კაკლის ხე მოიღუნა და დაიჯინა ეს ბიჭი წვერზე.

მოვიდა და. ტახმა ხრა ეს კაკლის ხე, ხრა და გადახრა. ახლა მეორე კაკლის ხემ დაიჯინა ბიჭი წვერზე. ტახმა ესეც გადახრა. მესამე კაკლის ხემ დაიჯინა ბიჭი წვერზე. ტახმაწ ესეც გადახრა. მესამე კაკლის ხე ნახევრამდე

გადახრა და ტახს ერთი ეშვი გადაუტყდა. ახლა უფრო ნელა ხრავს ტახი. უცებ ამ ბიჭს გაახსენდა თავისი გაზრდილი ძაღლები და დაიძახა: „ჰარუმ, ჰურუმ და გიშერო, მიჭირს და მიშველე!“

ელვის სისწრაფით მოვიდნენ ძაღლები და ეს ტახი და ეს გოგო მთლად დაგლიჯეს. ახლა ეს ბიჭია ჩამოსაყვანი. აქ სისხლის ტბორი დგას. ამ ძაღლებმა ეს ბიჭი ისე უნდა ჩამოიყვანონ, რომ სისხლში არ გაისვაროს, თორემ მაშინვე მოკვდება. სამი ძაღლი ერთიმეორეს დაუდგა, ბიჭი ზევით დაიწვინეს და ისე ჩამოიყვანეს.გამოყვანის დროს მთლად პატარა თითი ოდნავ სისხლით დაესვარა და მოკვდა ბიჭი. მოკვდა ეს ბიჭი და ძაღლები იმგვარად ყმუიან, ცა და ქვეყანა იქცევა. შეწუხდა ცაზე ღმერთი. გამოაგზავნა ქორი: „ამბავი გამიგეო“, — უთხრა. ქორი მოფრინდა და ძაღლებს უთხრა: — მკვდარი მანახვეთო, გავაცოცხლებო. ანახვეს ძაღლებმა. თვალი

ამოჭამა ქორმად და იქით გაფრინდა. ღმერთი მოატყუა:

—სადღაც ლხინში გამძღარან ძაღლები და მიტომ ყმუიანო.

ძაღლები უარესად ყმუიან, ახლა ღმერთმა ყვავი გამოგზავნა. მოვიდა ყვავი ძაღლებთან და უთხრა: — მკვდარი მანახვეთო, უნდა გავაცოცხლოო. ანახვეს. მეორე თვალიც ამოაჭამა და გაფრინდა. ყვავმაც მოატყუა დმერთი:

—სადღაც გამძღარან ძაღლები და იმიტომ ყმუიანო.

მთლად გიჟდებიან ძაღლები. გაუშვა ღმერთმა მტრედი. მტრედმა დაინახა და ნამდვილი ამბავი მიუტანა:

-ბიჭს სამი ძაღლი გაუზრდიაო. ბიჭი მომკვდარაო· შენს გამონაგზავნ („განაშვებ“) ქორსა და ყვავს თვალები ამოუჭამიათო და და იმიტომაა ძაღლები ყმუიანო.

-აბა, წადიო, -ღმვრთმა უთხრა, — წაიღეო ორი ვაშლი, იქით–აქით თვალზვ დადევიო, ეს ცხვირსახოცი გადაუსვიო და გაცოცხლდებაო.

მოფრინდა მტრედი. წამოიღო ორი ვაშლი და ცხვირსახოცი და წამოვიდა. როგორც ღმერთმა დაარიგა, ისე მოიქცა. და ამ ბიჭს სული ჩაუდგა („მოუბრუნდა“), გაცოცხლდა. ძაღლებმა გაიხარეს. ეს მტრედი გაფრინდა და ღმერთს ამბავი მიუტანა, „გავაცოცხლეო“. ღმერთმა დასწყევლა ყვავი და ქორი:- ზამთარში წყალი ვერ დაგელიოთო, სისხლად მოგჩვენებოდეთო. (მართლაც არ სვამენ). მტრედი დალოცა: — კაცის სასარგებლო ყოფილიყავიო. მტრედს ფეხები წითელი აქვს, იქაურ სისხლზე დანადგამი არის.

ბიჭი და ძაღლები თავის („სახლის პატრონის“) სახლში მივიდნენ.

წუხელ იქ ვიყავი და ამაღამ აქ მოვედი.

ასი ბროწეული, ასი ვაშლი,

გაისადაც შენი ჭუკჭუკი.


Holder of rights
Dadunashvili, Elguja

Citation Suggestion for this Object
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 21. ჰარუმ, ჰურუმ და გიშერი. 21. ჰარუმ, ჰურუმ და გიშერი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg53.0