9. ობოლა

ყოფილან მოხუცებული ცოლი და ქმარი. ამ მოხუცებულობის ჟამს დაჰბადებიათ ერთი ბავშვი, ბიჭი.ეს ბავშვი სამი წლის რომ ყოფილა (ისე). მომკვდარან დედა და მამა. გასაზრდელად აიყვანეს ეს ბავშვი. შვიდი წლისა რომ გახდა ეს ბავშვი (ისე), ერთ დღეს სადილი წაიღო თავის ბიძასთან, ყანაში რომ მუშაობდა (იქ). სადილი რომ მიუტანა ბიძას, ბიძამ უთხრა:

–ეს ხარები შენ მომწყემსე აქ და მე სადილს შევჭამძ ჩრდილში. კარგად დაუკგირდი, ხარები ვინმემ არ წაგართვას ან არ მოგპაროს.

–კარგიო, –თქვა ბავშვმა და წავიდა ეს კაცი სადილის საჭმელად.

ამასობაში ("ამ დროს“) ბავშვს დასცხა („სიცხე შეექნა“) და ხარის ჩრდილს მოეფარა. შენ ხარ ჩემი ბატონი, ქე დაეძინა ბავშვს. რომ დაეძინა ბავშვს, მოვიდა ქურდი და ხარები წაიყვანა. ამის შემდეგ მოვიდა ეს ბიძა და ხარები რომ ვერ ნახა, ბავშვი გააღვიძა და გალახა.

-ხარები რა უყავიო, -ჰკითხა ბავშვს.

ბავშვმა უთხრა: — მე არ ვიციო.

ბავშვი სახლში გამოაქცია (აქით) ბიძამ. აქ რომ მოვიდა, ბიცოლამ უოთხრა: — რატომ სტირი, შვილოო?

-რატომ-და, ბიძამ გამლახაო.

—რატომ გაგლახაო, -ჰკითხა ბიცოლამ.

—ხარები მომპარეს და იმიტომო.

ეს რომ თქვა, აქ ბიცოლამ გალახა ბავშვი და სულ გაიქცა ბიჭი.

მიდის ეს ბავშვი დღეს, ხვალ, ზეგ... მიდის ტყეში მარტო. რომ დაიძინა ღამე, დაესიზმრა რაღაცა. მეორე დილით ადგა ბავშვი და კაცი არა ჰყავს არავინ, რომ სიზმარი აუხსნას („უთხრას“); წავიდა თავისი გზით და მიდის სულ. მიადგა ერთი ხელმწიფის სახლს. კარის კაცს უთხრა ბიჭმა: — ქირაზე კაცი არ გინდათო? [127]

მოახსენეს ხელმწიფეს; დაიბარა ბიჭი და ჰკითხა:

—რაზე დადგები, რამდენადო?

—რაზე დავდგებიო-და, სამზე დავდგებიო, მაგრამ სიზმარიც ვიცი კარგიო.

-სიზმარს რას დავეძებო, – უთხრა ხელმწიფემ და დაიყენა ბიჭი ერთი წლით. რომ დაამთავრა წელიწადი, ხელმწიფემ დაიბარა ბიჭი და უთხრა:

—ა, შენი ფულიო, მხოლოდ მითხარიო, ის სიზმარი რა იყოო.

-მე შენს სათქმელად არ მინდა ჩემი სიზმარიო,–უთხრა ბავშვმა.

ხელმწიფეს გული მოუგიდა – „როგორ, ჩემზე უკეთესს შენ ვის ეტყვი რამესო“ და გაალახვინა ბავშვი. გაიქცა აქედან ბავშვი და მივიდა მეორე ხელმწიფის სახლში. ამასაც გაურიგდა ეს ბიჭი სამ თუმნად („ფულად“)

წელიწადში.

—სიზმარი ვნახე კარგიო, – უთხრა ამასაც ბიჭმა და დადგა აქ სამუშაოდ.

რომ გავიდა ერთი წელი, ხელმწიფემ დაიბარა ბიჭი და უთხრა:

—ა, ბაბა, შენს ფულს მოგცემ, ოღონდ რა სიზმარი გინახავს შენ ღამით, ის (მე) მითხარიო.

—ხელმწიფის სათქმელად არ მიმაჩნია მე ჩემი სიზმარიო.

ამ ხელმწიფესაც მოუვიდა გული, გაალახვინა ბავშვი ბიჭებს და გააქცია.

გაუყვა გზას ბავშვი და მივიდა მესამვ ხელმწიფის სახლში. იქაც ისე მოუვიდა ყველაფერი, როგორც უწინ. მაგრამ ფულის მიცემის დროს ხელმწიფემ არ აკმარა სხვასავით ცემა, უბრძანა კარისკაცებს:

—წაიყვანეთ ახლავე და მოკალით ეს ურჩი ("უჯერო“) ბიჭიო.

ამ ხელმწიფეს ჰყავს ერთი გოგო და ერთი ბიჭი. გოგოს არ უნდა, რომ ეს ბიჭი მოკლან კარისკაცებმა და როცა გაიყვანეს ჭიშკრის გარეთ, დახვდა მათ („მკვლელებს“) და სთხოვა:

—ამა და ამ ადგილას რომ ამომშრალი ჭაა, იქ ჩასვით ეს ბიჭი და არ მოკლათ თქვენი სულის საცხონებლადო.

ქალიშვილს ხათრი ვერ გაუტეხეს ჯალათებმა („მკვლელმა ხალხმა“) და ჩასვეს ბიჭი ჭაში. ხელმწიფეს უთხრეს: — წავიყვანეთ და მოვკალითო.

ხელმწიფის ქალიშვილი დროს იხელთებს და აძლევს საჭმელს ბიჭს. დღეს რომ არის, იმაზე უკეთესი ხვალ არის ეს ბიჭი, ხვალ რომ არის, იმაზე უკეთესი ზეგ არის და გაიზარდა ასე-ასე ამ გოგოს გარჯით. ამგვარად, ოცი წლის რომ იქნებოდა ეს ბიჭი, ამ დროს შუამავალი გამოუგზავნა ამ ხელმწიფის ბიჭის საცოლის მამა ხელმწიფემ და შეუთვალა, რომ:

-მე მაშინ ვარ ჩემი ქალიშვილის მიმცემი, როცა შენ გამოიცნობ შემდეგს: მე გამოგიგზავნი ორ ცხენს — ერთი თავადისას და მეორე გლეხისას, [ორივეს] ერთი ტანისას და რომელია [მათ შორის] გლეხისა, როცა

ამას შენ გამოიცნობ („ამოხსნილად შემომითვლი“), მაშინვე წაიყვანეთ [129] ქალი. ამ შეშოთვლილი ამბის ამოსახსნელად ხელმწიფის ოჯახში შეიქნა რჩევა და გოგოს დააგვიანდა ბიჭისთვის სადილის მიტანა. ბოლო („რაღაც“) დროს გაახსენდა გოგოს და მიუტანა ბიჭს საჭმელი.

ობოლამ (ობოლა ჰქვია ამ ბიჭს) ბევრი უსაყვედურა („ემდურა“) ამ გოგოს: — რატომ ამდენ ხანს არ მომიტანე სადილიო.

გოგო მოჰყვა და ყველაფერი უამბო თავიანთი გაჭირვება ობოლას ობოლამ უთხრა: |

—შენი პატივისცემა დიდია ჩემს მიმართ და მე შენ გასწავლი, როგორ უნდა იმ ცხენების ამორჩევა: ერთი სახლი დაცალეთ, გააღეთ ერთი კარი, შიგნით მოაბნიეთ თივა და შეუშვით ცხენები თივის საჭმელად, რომელი

ცხენიც შევა სახლში და მაშინვე გაგორდება და მერმე დაიწყებს ჭამას ("ძოვას“), ის იქნება თავადიშვილისა. მეორე ცხენი კი შემოვა და მაშინვე ჭამას დაიწყებს, ის იქნება გლეხისა,

წამოვიდა ეს გოგო გახარებული და მამას უთხრა: -მე გამოვიცნობ იმ ცხენებს და გამოაგზავნინეო.

მართლაც, გოგომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ბიჭმა უთხრა, [და] მართალი არ შეიქნა?!

—მარტო ამის გულისთვის არ შემიძლია, მოგცე ქალიშვილიო, — შემოთვალა ხელმწიფემ და მიუგზავნა კაცი:

—ისეთი კაცის მოძებნა თუ შეგიძლია შენს სახელმწიფოში, რომ იქიდან ჩემი სახლის ბუხარს რომ გადატეხს, ა ბატონო, წაიყვანეთ [მაშინ] ქალიო.

ქალიშვილმა უთხრა მამას:

–ჩვენ ვერ მოვნახავთ ვინმე ამისთანა კაცს, გარდა ობოლასიო; ის თუ გვიშველის („გვიზამს“) რამეს, თორემ დაღუპულია ჩვენი საქმეო.

—რა კაცია ობოლა? -იკითხა ხელმწიფემ.

—რა კაცია-და, ის კაცია, რომელიც შენ ცამეტი წლის წინ მოსაკლავად (რომ ბიჭი გაიმეტე „გააგზავნე“). ის არის, რომ მე მასწავლა ცხენის გამოცნობა და ამ საქმესაც ისევ ის გადაგვარჩენს უთუოდო, — თქვა გოგომ.

—ის არ იყო, მე რომ მოვაკლევინე, როგორ გაცოცხლდა („გამრთელ“და“) კვლავ, ანდა საიდან მოვიდა? -გაიკვირვა ხელმწიფემ.

—მე მყავდა ის ჭაში, ძირს. იმ დროიდან („თავიდან“) აქამდე („ამ თავამდე”) მალულად ვაძლევდი საჭმელს და ესაა, დღეს ერთ გაჭირვებას გადაგვარჩინა. მეორე გაჭირვებიდანაც თუ დაახსნევინებთ თქვენს თავს,

თქვენ იცით, თუ არა და, როგორც გინდათ, ისე ქენით,–თქვა („ილაპარაკა) გოგომ.

—თუ ასეა ესო, ძალიან კარგიო, — თქვა ხელმწიფემ და მოაყვანინა ობოლა.

—აბა, შენ და შენმა კაცობამო, -უთხრეს ობოლას.

ობოლამ გამოაჭედვინა კარგი ისარი და მშვილდი. დაიკავა ხელში, [131] გახედა იმ ხელმწიფის სახლს და ესროლა. მოხვდა ისარი ხელმწიფის სახლს და გადატეხა [ბუხარი].

—აბა, მოდით მაყრებით, —შემოუთვალა ხელმწიფემ.

აქაურმა ხვლმწიფემ მოიძია მაყრები, მაგრამ ობოლამ ერთიც არ გაიყოლა:

-მე წავალ მარტო და აქ მოგიყვან შენს საცოლესო („ქალსო“).

უთხრა ხელმწიფემ: — შენ იცი, როგორ უვნებლად („დაუმარცხებლად“) მოხვალო.

გამოეწყო ობოლა,შეჯდა ცხენზე და წავიდა. გზაზე შეხვდა ერთი გამდინარე წყალი. რომ გახედა, [დაინახა], მისწოლია ერთი დევივით კაცი ამ მდინარეს („წყალს“) და სვამს. ამ კაცის იქით („დაღმა“) წყლის ერთი ყლუპიც არ მიდის და: — მწყურია, ვკვდებიო, — იძახის სულ·

ობოლა მივიდა და უთხრა: -ძმაო, რა კაცი ყოფილხარ შენო, ამდენ წყალს ერთიანად სვამ და კიდევ იძახი „წყურვილით ვკვდებიო“.

-ან მე რა კაცი ვარ, კაცი ობოლა არის თორემ, -უთხრა ამ კაცმა.

–მე ვარ ობოლა და დამიძმობილდიო, — უთხრა.

-კარგიო.

დაამხანაგდნენ და მიდიან. რომ მიდიან ერთ მინდორში, ნახეს, კაცის თვალს რომ არასდროს უნახავს, ისეთი სანახავი - გუთანში შებმულია თექვსმეტი უღელი კამეჩი და ხნავენ მიწას. რაც ბელტები ცვივა ამ ხვნისას, ყველას ჭამს გუთნის მიმყოლი კაცი და: —ვაიმე, ჩემი ცოდვა, („ძმა მკვდაი“) შიმშილით ვკვდებიო, — იძახის. · :

—ძმაო, რა კაცი ხარ შენო? —ჰკითხა ობოლამ.

-ან მე რა კაცი ვარ, კაცი ობოლა არის თორემო.

—მე ვარ ობოლა და დავძმობილდეთო. დაუძმობილდა ეს კაცი და წავიდნენ სამივენი. რომ იარეს, შემოხვდათ მესამე კაცი: ფეხზე აცვია ორასფუთიანი წისქვილის ქვები და მირბის.

-რა კაცი ხარ, ძმაო, შენო? —ჰკითხა ობოლამ.

-მე რა კაცი ვარ, შენი ჭირიმე, კაცი ობოლა არის თორემ.

—აბა, მე ვარ ობოლა და დავძმობილდეთო.

დაუძმრბილდა ესეც და მიდიან ოთხივენი ერთად ხელმწიფის სახლში. გზაზე შემოხვდათ კიდევგ ერთი კაიცი — დგას მინდორში და უყურებს სულ ჰაერს.

—რასაა, ძმაო, სულწასულად უყურებო? — ჰკითხა ობოლამ.

—რასაო, ბატონო-და, მე ვიყავი ფრინველების უფროსი. ერთმა მტრედმა გული მომაყვანინა და ცაზე გაუკეთეგია ბუდეო, ვესროლე აქედან სარი („მესერი“) და ბუდე შარშან ჩამოვარდა, რადგან მძიმე იყო, და [ახლა]

მტრედს ვუყურებ, მაგრამ კიდევ არ არის მოახლოებულიო, – უთხრა ამ კაცმა.

—ძალიან ძლიერი კაცი ყოფილხარ, ძმაო, შენო, — უთხრა ობოლამ.

-მე რა კაცი ვარ („ვყოფილვარ“), ბატონო, ობოლა არის კაცი თორემო. [133]

—მე ვარ ობოლა და დამეძმობილეო. დაუძმობილდა ისიც და წავიდნენ ყველანი ერთად. იარეს და მოვიდნენ ხელმწიფის სახლში, ხელმწიფეს გაუკეთებია დიდი სუფრა, დაუკლავთ ათასი ხარი და დაუხვავებიათ სასმელი და საჭმელი ერთად.

—ეს ყველაფერი თუარ შესვით და არ შეჭამეთ, ისე გოგოს არ მოგცემთ და ცარიელად გაგიშვებთო, — თქვა ხელმწიფემ.

ხელმწიფე სანამ ამას ამბობს, მობრუნება რომ არ დააცალეს ისე, —წყლის მსმელმა ღვინო გაათავა და მიწის მჭამელმა – პური და ხორცი.

ხელმწიფემ რომ გაიხედა, შერცხვა და თქვა:

–ამისთვისაც არ შემიძლია მოგცეთ ქალიო; გავუშვათ მორბენალად ორი კაცი - ერთი თქვენი და მეორე ჩვენი — ზღვის წყლის მოსატანად, აბა, [ვნახოთ], ვისი, რომელი მოიტანს უწინ? თქვენმა თუ მოიტანა და

ადრე მოვიდა, ა, ბატონო, გიბედნიეროთ ჩემი შვილი [ღმერთმა], თუ არა და ჩემი მორბენალი თუ მოვიდა [ადრე], არ მოგცემთ ქალსო.

დაყაბულდნენ ისინი და გაუშვეს მორბენალები: ხელმწიფემ გაუშვა ეშმაკი და ობოლამ — წისქვილის ქვიანად რომ მირბოდა,ის კაცი. აჯობა ეშმაკს იმ კაცმა სირბილში („მუხლებით“) და შუა გზაზე დატოვა.

ეშმაკმა იფიქრა: -მოდი, მაგას ვუზამ ეშმაკურსო.

გადაიქცა ბერად, გააწყო მაგიდა და აავსო სასმელებით. რომ წამოიღო წყალი და მოდის ობოლას კაცი, დახვდა ბერი და დაპატიჟა სასმელებზე.

სწყურია ამ კაცს. მიაჯდა [მაგიდას] და ძალიან დათვრა. რომ დათვრა, დაეძინა. ბერი კვლავ ეშმაკად იქცა, ბოთლი გაიტაცა წყლიანად და გაიქცა.

რომ დააგვიანეს წყლის მოტანა, ობოლამ უთხრა შორს მხედველ კაცს:

–არიქა, გახედე, ეშმაკური ხომ არ ქნა რამე იმ კაცმაო.

რომ გახედა იმ კაცმა, დაინახა, თუ როგორ დაუთვრია ეშმაკს იმათი ამხანაგი და მისი ბოთლი წყლიანად მოაქვს და დიდი მონდომებით მორბის.

აიღო სარი (,მესერი“) [ამის] მაყურებელმა კაცმა და მთვრალი კაცი რომ წევს სუფრასთან, იმას ესროლა და ფეხები მოსტეხა. ავარდა მთვრალი კაცი და რომ ვერ ნახა წყალი, მიხვდა [ყველაფერს], გაიქცა და მიეწია ეშმაკს, წაართვა ბოთლი და მოიტანა წყალი.

რა ექნა ხელმწიფეს? აიყვანა და მისცა გოგო. მოიყვანა გოგო ობოლამ თავის ხელმწიფის სახლში. შეიქნა ლხინი და [ერთი] ამბავი. მესამე დღეს დაიძინა ობოლამ. ხელმწიფემ უთხრა მზარეულს („პოვარს“): - კარგი საჭმელი გამიკეთე საღამოს ობოლას საპატივმცემლოდო.

გააკეთეს საჭმელი და გაიღვიძა ობოლამ. ხელმწიფემ და მისმა ცოლმა შუაში ჩაიჯინეს ობოლა და თავიანთი გოგო ღვინოს დამსხმელად დაიყენეს.

რომ გაძღნენ საჭმლით კარგად, ხელმწიფემ ბოდიში მოიხადა ობოლასთან და უთხრა: [135]

-იმედია, შენ არ მიწყენ ჩემს შეცდომას და (იმედია), მეტყვიო — რა იყო, რომ დაგესიზმრა ბავშვობაშით.

ობოლამ უთხრა: — სიზმრად მზე და მთვარეს შუა ვიჯექი და ვარსკვლავი მემსახურებოდაო.

ხელმწიფემ ახსნა, რომ მზე და მთვარე [თვითონ] ისინი იყვნენ — ცოლი და ქმარი — და ვარსკვლავი ———ქალიშვილი. იმავ [ხელმწიფემ] ობოლა და თავისი ქალიშვილი დააქორწინა („დააგვირგვინა“), დალოცა, [ობოლა] უმცროს შვილად მიიღო („დაიკავა“) და ცხოვრობდნენ ბედნიერად.


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 9. ობოლა. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg5s.0